მიუხედავად იმისა, რომ აკადემიური წრეებისთვის "რევოლუციონერები ხელოვნებაში" ტრადიციულად მიუღებელნი არიან, იმდენად მრავალწახნაგოვანი და ყოვლისმომცველია კლიმტის ტალანტი, რომ აღიარება სიცოცხლეშივე ეწვია - ვენისა და მიუნხენის აკადემიების საპატიო პროფესორი გახდა...
ყველა დარგში, სადაც კი კლიმტს მოუწია მუშაობამ, -
გუსტავ კლიმტი ვენის მახლობლად, ბაუმგარტენში დაიბადა 1862 წლის 14 ივლისს. მამა, ერნსტ კლიმტი გრავირების ბოჰემიელი ოსტატი იყო, დედას, ანა ფინსტერს კი მუსიკოსი სურდა გამხდარიყო, თუმცა ამაოდ, რადგან 7 შვილი ჰყავდა (გუსტავი მეორე იყო), მათ შორის 3 ვაჟი (გეორგი, გუსტავი და ერნსტი). სხვათა შორის, სამივე მხატვარი გახდა.
14 წლამდე გუსტავი მამასთან სწავლობდა, ხოლო 1876 წელს მისაღები გამოცდები ჩააბარა ვენის სამხატვრო სასწავლებელში (სწავლობდა 1883 წლამდე). 1877 წელს აქვე ჩაირიცხა მისი უმცროსი ძმა ერნსტიც. სკოლა ამაყობდა ნიჭიერი ძმებით. 1880 წლიდან ერნსტსა და მეგობარ მხატვარ ფრანც მატჩთან ერთად გუსტავმა ერთგვარი სამხატვრო "ტრიო" შექმნა და მალე სახელმწიფო შეკვეთებიც მიიღეს. ისინი ერთად მუშაობდნენ იმპერიის თვალსაჩინო შენობა-ნაგებობების (თეატრები რაიჰენბერგში, რიეკასა და კარლოვი-ვარში, ვენის ახალი ეროვნული თეატრი - ბურგთეატერი, ვენის მხატვრულ-ისტორიული მუზეუმი) მოხატვაზე. 1888 წელს 26 წლის გუსტავ კლიმტმა "ხელოვნებაში დამსახურებისთვის" "ოქროს ჯვარი" თავად ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ ფრანც-იოსებისგან მიიღო!
ახალგაზრდებმა ჰონორარიც საკმაოდ აიღეს, სახელოსნოც გააფართოეს და ახალი შეკვეთებისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ გუსტავსა და კლიმტების ოჯახს დიდი უბედურება დაატყდა თავს: უმცროსი ძმა, უნიჭიერესი მხატვარი ერნსტი 1892 წელს გარდაიცვალა. იმავე წელს გარდაეცვალა მამაც.
საყვარელი ძმის სიკვდილმა უდიდესი ზეგავლენა იქონია გენიოსზე. გუსტავის შეხედულებები ცხოვრებაზე, მხატვრობასა და საზოგადოდ, ხელოვნებაზე, იმდენად შეიცვალა, რომ 1884 წელს უახლოეს მეგობარ-კომპანიონ ფრანც მატჩთან ერთად მორიგ დიდ შეკვეთაზე მუშაობა უკვე ვეღარ შეძლო და დუეტი დაიშალა. კლიმტის ბიოგრაფები თვლიან, რომ სწორედ ამ დროს დაიწყო "კლიმტის რევოლუცია"...
გუსტავმა ძმის ოჯახზე - 28 წლის რძალზე ჰელენე ფლიოგესა და მის ქალიშვილზე ზრუნვა იკისრა. სწორედ ამ პერიოდში დაუახლოვდა გუსტავი რძლის დას - ემილიე ფლიოგეს, მოდების სახლის მფლობელს. მათი კავშირი სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. ემილიე მრავალჯერ გამხდარა ხელოვანის მუზაც. ვენაში ძალიან ბევრი მათ მეუღლეებად თვლიდა, თუმცა კლიმტის მკვლევართა აზრით, მხატვარსა და მის მუზას პლატონური ურთიერთობა ჰქონდათ. და ეს მაშინ, როცა გუსტავს უამრავი საყვარელი ჰყავდა, თანაც არა მარტო მენატურე ქალები, არამედ ვენის მაღალი საზოგადოების ქალბატონებიც. მისი გარდაცვალების შემდეგ 14 კაცი გამოჩნდა, ვინც გუსტავის შვილობასა და მემკვიდრეობის წილზე აცხადებდა პრეტენზიას. აქედან 4-მა მოახერხა ამის დამტკიცება და მემკვიდრეობიდან წილის მიღება. საინტერესო კი ისაა, რომ კლიმტს ოფიციალურად მეუღლე არასდროს ჰყოლია!
კლიმტის "ამბოხი ხელოვნებაში" ოფიციალურად 1897 წელს იწყება, როცა თანამოაზრეებთან ერთად დააარსა ავანგარდული ჯგუფი "სეცესიონი" და მისი პრეზიდენტიც გახდა. კლიმტი თვალდათვალ გადაიქცა კონსერვატიული საზოგადოების მომსახურე სოლიდური ფერმწერიდან ავსტრიული ავანგარდის აღიარებულ ლიდერად. "სეცესიონს" არ ჰქონდა მანიფესტი. არ ცდილობდა საერთო სტილის შექმნას - მასში იყვნენ ნატურალისტებიც, რეალისტებიც და სიმბოლისტებიც...
1900 წელს კლიმტმა ვენის უნივერსიტეტის სამი ნახატისგან ("ფილოსოფია", "იურისპრუდენცია" და "მედიცინა") შემდგარი შეკვეთიდან პირველი - "ფილოსოფია" სწორედ "სეცესიონის" გამოფენაზე წარადგინა. შედეგი კი ის იყო, რომ უნივერსიტეტის 87-მა პროფესორმა განათლების სამინისტროს საჩივრით მიმართა - კლიმტი "გაურკვეველ იდეებს გაურკვეველი ფორმების მეშვეობით გამოხატავსო"!
ამ სკანდალის შემდეგ მხატვარს სახელმწიფოსთან საქმე აღარასდროს დაუჭერია. აღარც მონუმენტური სურათები შეუქმნია და მცირე ფორმატის ალეგორიული სურათების, ქალების პორტრეტებისა და გასაოცარი პეიზაჟების შექმნა დაიწყო. დიდ დროს უთმობდა ორნამენტულ ფერწერასაც და საუკუნის დასაწყისში კლიმტმა მოდერნის საკუთარი სტილი დაამკვირა. მისი საუკეთესო ნამუშევრები გვიანი პორტრეტებია: ნახატები ბრტყელი, უჩრდილო ზედაპირით, მოზაიკითა და ღვლარჭნილი ხაზებით...
ამ წლებს მის შემოქმედებაში "ოქროს პერიოდი" ეწოდა. და არა მარტო გასაოცარი მხატვრობის, არამედ იმის გამოც, რომ უხვად ხმარობდა ოქროსფერს. ამ პერიოდის საუკეთესო ნახატად ითვლება "კოცნა", რომელიც კლიმტმა 1907-1908 წლებში შექმნა...
კლიმტს ახლა მსოფლიოში იცნობდნენ. მიუხედავად ამისა, მხატვარი ძალზე მოკრძალებულად ცხოვრობდა მოხუც დედასთან ერთად და მთელ დროს ხატვას უთმობდა. შეკვეთებიც არ აკლდა, ხოლო მათგან საინტერესოს თავად ირჩევდა. სპეციალისტთა აზრით, კლიმტი ღრმად ეროტიკული მხატვარიცაა, რის შესანიღბადაც, როდენის მსგავსად, მითოლოგიასა და ალეგორიას მიმართავდა. თუმც ნახატები მის სექსუალურობას ხშირად ვერ ფარავდა.
მხატვარი არათუ არაფერს წერდა საკუთარ თავზე, არაფერს წერდა საკუთარ სტილსა თუ მეთოდებზეც! კლიმტი, ალბათ, დიდი მხატვრებიდან ერთადერთია, რომელსაც ავტოპორტრეტი არ შეუქმნია!
"არასოდეს დამიხატავს ავტოპორტრეტი. ჩემში არაფერია განსაკუთრებული. ვარ მხატვარი, რომელიც დილიდან ღამემდე ხატავს. ვისაც უნდა ჩემზე რამე გაიგოს, ყურადღებით შეხედოს ჩემს ნახატებს",- წერს მხატვარი მის იშვიათ ქმნილებაში"კომენტარები არარსებულ ავტოპორტრეტზე"... კლიმტის ღრმად მოხუცი დედა 1915 წელს გარდაიცვალა, ხოლო მხატვარი - 1918 წელს, ინსულტითა და პნევმონიით. მას არაერთი ნახატი დარჩა დაუმთავრებელი.
რამაზ გურგენიძე
1 comment:
ReplyDelete